ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

საქართველოს ტყის რესურსი

ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად საქართველო ბუნება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყითაა დაფარული.
რელიეფური პირობების მიხედვით, საქართველოს ტყეები მთისა და ბარის ტყეებად იყოფა. მთის ტყეებს უკავია მთელი ტყით დაფარული ფართობის 98%, ბარის ტყეებს – 2%, რომლებიც ძირითადად კოლხეთის დაბლობებზე და აგრეთვე მდინარეების: მტკვარის, ალაზნის, იორის, ხრამის და სხვათა დინების ქვემო წელის მიდამოებში არიან გავრცელებული. ტყეების მრავალფეროვნება ყველაზე მეტად მთებში ვლინდება, სადაც გეოლოგიური ქანების დახრილობა და ფერდობის ექსპოზიცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტყეების ბიოლოგიურ თავისებურებებზე, რაც პირველ რიგში, განპირობებულია მათი წარმოშობის, ზრდისა და განვითარების ბუნებრივი პირობების დიდი მრავალფეროვნებით.
ტყეები გეოგრაფიულად არათანაბრადაა განლაგებული. ტყით მდიდარ რეგიონებთან (აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, რაჭა, ბორჯომის ხეობა, ბაღდათის, საჩხერის, ახმეტის და სხვა რაიონები) ერთად არსებობენ ტყემცირე და თითქმის უტყეო რაიონებიც (დედოფლისწყაროს, ნინოწმინდის, ახალქალაქის, გარდაბნის, წალკის, ყაზბეგის და ა.შ.).
საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი (პირველქმნილი) ტყეები, რომლებიც განსაკუთრებული მაღალპროდუქტიულობით გამოირჩევა. ხელუხლებელ სოჭნარებს, სოჭნარ-წიფლნარებს, სოჭნარ-ნაძვნარებს, პროდუქტიულობის მაჩვენებლით, ანალოგი არ გააჩნიათ ევროპისა და აზიის ქვეყნებში.
გარემოს დამცველი ორგანიზაციები დღეისათვის დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 “ცხელ წერტილს”. მათ შორის ერთ-ერთი კავკასიაა, კერძოდ კი საქართველო. კავკასია მოიხსენიება, ასევე იმ 200 გლობალურ ეკორეგიონს შორის, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები, ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეული ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ქართული ტყე განსაკუთრებული ფენომენია და მისი დაცვისა და მდგრადი გამოყენების საკითხს არა მარტო კავკასიის, არამედ მსოფლიო მასშტაბით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ტყეში ველურად იზრდება 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და ოჯახში. აგრეთვე აღწერილია ამ სახეობათა 182 ფორმა და 91 ვარიაცია, მათ შორის: ხეების -153 სახეობა; ბუჩქების – 202 სახეობა; ლიანების – 11 სახეობა.
ველურად მოზარდი 153 სახეობიდან სიმაღლის მიხედვით მაღალტანიანია (25 მეტრზე მეტი) 51 სახეობის ხე.
ქართულ ტყეში დენდროფლორის დიდი მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემურ მერქნიან მცენარეთა სიმრავლე, მათ შორის საქართველოს ენდემია 61 სახეობა, კავკასიის – 43.
ტყეების ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე, ტყის ეკოსისტემათა ნაირგვარობასა და რთულ სტრუქტურაზე მიუთითებს როგორც წმინდა, ისე შერეული კორომების არსებობა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტყეებში მრავალი სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი იზრდება, ისინი ძირითადად მაინც რამდენიმე მერქნიანი სახეობის კორომებით არის წარმოდგენილი.
შემადგენლობის მიხედვით წიწვოვან ტყეებს უკავია მთელი ტყეების 16,4%, ფოთლოვან ტყეებს – 83,6%. მ/შ. მაგარმერქნიან ფოთლოვანებს – 70,5%. რბილმერქნიანებს – 10,8%.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ბოტანიკურ ლექსიკონში შესულია ხის ორი სახეობა ქართული სახელწოდებით _ ძელქვა (Zelkova carpinibolia (Pall) C. Koch.) და ლაფანი (Pterocarya pterocarpa (Mchx). Knth).
საქართველოს ტყეები სახელმწიფო საკუთრებაა. სახელმწიფო ტყის ფონდის საერთო ფართობი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის გარდა) შეადგენს 2 605 449 ჰა-ს. აქედან, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის საერთო ფართობია – 1 961 098 ჰა, მათ შორის ტყით დაფარული ფართობი შეადგენს – 1 843 432 ჰა-ს, ანუ 94%-ს.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავს 507 611 ჰა-ს, ხოლო, აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ფართობია – 136 790 ჰა.
სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარეების მარაგი შეადგენს 306 010 ათას კბმ-ს, საიდანაც ტყის შექმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობების (სოჭი, ნაძვი, ფიჭვი, წიფელი, მუხა, რცხილა) ხვედრითი წილია 92% (281 529 ათასი კმბ), ხოლო სხვა სახეობების – 8%.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: