ენერგო ბლოგი

ბლოგი მათთვის ვინც დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკით

მაიკლ ფარადეი –თანამედროვე ელექტროენერგეტიკის ფუძემდებელი

ამ მეცნიერს მსოფლიოში ყველაზე დიდ ფიზიკოს-ექსპერიმენტატორად მიიჩნევენ. მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ელექტროენერგეტიკას და შექმნა ელექტროძრავას მოდელი. რუსი ფიზიკოსის სტოლეტოვის თქმით, გალილეის ეპოქის შემდეგ მსოფლიოს არ ღირსებია მეცნიერი, რომელსაც ამდენი გასაოცარი და მრავალფეროვანი აღმოჩენა გაეკეთებინოს და მომავალშიც, საეჭვოა, ოდესმე ვიხილოთ მეორე ფარადეი.

მაიკლ ფარადეი 1791 წელს ლონდონის გარეუბანში, მჭედლის ოჯახში დაიბადა. ოჯახის მწირი შემოსავლის გამო, მაიკლს საშუალება არ მიეცა, საშუალო სკოლა მაინც დაემთავრებინა. იგი 13 წლის ასაკში შეგირდად მიაბარეს წიგნებით მოვაჭრე მაღაზიასთან არსებულ საამკინძაო სახელოსნოში. მაიკლი ინტერესით კითხულობდა წიგნებს, განსაკუთრებით იზიდავდა ნაშრომები ქიმიასა და მაშინ ჯერ კიდევ ახალ დარგში – ელექტრობაში. ერთხელ მაღაზიაში შესულმა ერთ-ერთმა მყიდველმა ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა მკინძავს, რომელიც წიგნებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა და ინგლისელი ქიმიკოსის, ჰამფრი დეივის ლექციებზე დასასწრები მოსაწვევი ბარათი აჩუქა. ფარადეი ლექციებს დაესწრო და ოთხი ლექცია დიდი გულმოდგინებით ჩაიწერა. შემდეგ ეს ნაშრომი აკინძა, ყდაში ჩასვა და მეცნიერს გაუგზავნა, თანაც მორიდებით შეუთვალა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა მასთან ასისტენტად. დეივიმ, რა თქმა უნდა, უარი უთხრა უცნობ ყმაწვილს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ქიმიური ცდის დროს თვალი დაიზიანა და მუშაობის გასაგრძელებლად დამხმარე დასჭირდა. ასე გახდა მჭედლის შვილი და თვითნასწავლი გენიოსი მაიკლ ფარადეი სამეფო ინსტიტუტის ცნობილი ქიმიკოსის ასისტენტი. მოგვიანებით ჰამფრი დეივი ამბობდა, რომ მისი აღმოჩენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ფარადეის აღმოჩენა იყო.
ფარადეიმ 40 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა და მსოფლიოში პირველმა მიიღო ბენზოლი, თხევადი ქლორი და ამიაკი. მას შემდეგ კი, რაც დანიელმა ფიზიკოსმა ჰანს კრისტიან ერსტედმა 1820 წელს ელექტრული დენის მაგნიტური ველი აღმოაჩინა, ფარადეი დაინტერესდა, რა კავშირი იყო ელექტრულ და მაგნიტურ ველებს შორის და ერთი წლის შემდეგ, 30 წლის ახალგაზრდა მეცნიერმა ამ სფეროში პირველი აღმოჩენა გააკეთა. მან აღმოაჩინა მაგნიტის ბრუნვა დენიანი გამტარის ირგვლივ და დენიანი გამტარის ბრუნვა მაგნიტის ირგვლივ. არსებითად, ფარადეიმ ტექნიკის ისტორიაში პირველი ელექტროძრავა შექმნა.
მიუხედავად 1827 წელს მიღებული პროფესორის წოდებისა, მეცნიერი ხელმოკლეობას განიცდიდა და გაჭირვებით ახერხებდა საკუთარი თავისა და მეუღლის, სარას, მატერიალურ უზრუნველყოფას. ფარადეის მეგობრებმა მისთვის სახელმწიფო დაფინანსება გამოითხოვეს ხელისუფლებისგან, რომელიც მეცნიერს მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა მიეღო, მაგრამ სახელმწიფო ხაზინის გამგებელმა მინისტრმა ამ სახის დაფინანსება ფულის ფლანგვად მიიჩნია. მაშინ ფარადეიმ მაღალჩინოსან მოხელეს გაუგზავნა წერილი და ღირსეული უარი განაცხადა სახელმწიფოსაგან ყველანაირი დახმარების მიღებაზე, რის შემდეგაც მინისტრი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა ნიჭიერი მეცნიერისთვის.
სხვადასხვა სახის ენერგიათა ურთიერთქმედების გაანალიზებისას მაიკლ ფარადეიმ ახალი მიზანი დაისახა – გარდაექმნა მაგნიტიზმი ელექტროენერგიად. ამ ამოცანას მან ბრწყინვალედ გაართვა თავი. 1831 წლის 29 აგვისტოს ფარადეიმ ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა აღმოაჩინა და მსოფლიოში პირველი ელექტროგენერატორი შექმნა. მართალია, დღევანდელ ელექტროგენერატორებს გაცილებით რთული კონსტრუქცია აქვს, მაგრამ ყოველი მათგანის მუშაობას, ველოსიპედის ფარნიდან დაწყებული – უმძლავრესი ელექტროსადგურით დამთავრებული, მაიკლ ფარადეის მიერ აღმოჩენილი ერთი და იგივე პრინციპი უდევს საფუძვლად.
ფარადეი არასდროს დაინტერესებულა თავისი აღმოჩენების გამოყენებითი შესაძლებლობებით. მისთვის მთავარი ბუნების კანონების კვლევა იყო. მან ჩაუყარა საფუძველი სწავლებას ელექტრომაგნიტური ველის შესახებ. აინშტაინის აზრით, ეს იდეა ნიუტონის ეპოქიდან მოყოლებული, მეცნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ბიოგრაფები აღნიშნავდნენ დიდი მეცნიერის განსაცვიფრებელ შრომისმოყვარეობას. ფარადეი დღენიადაგ თავის ლაბორატორიაში, საკუთარი ინსტრუმენტების გარემოცვაში ცხოვრობდა. მისი მზერა მუდმივ მზადყოფნაში იყო, მოძრაობა სწრაფი და თავდაჯერებული ჰქონდა, მისი გაწაფულობა კი ექსპერიმენტის ჩატარების ხელოვნებაში პირდაპირ დაუჯერებელი იყო. ფარადეის პიროვნული თვისებებით მოხიბლული ერთი გერმანელი მეცნიერი წერდა: “მე არ შემხვედრია მსგავსი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ასეთი კეთილგანწყობილების გამოწვევა შეეძლოს”.
1833-1834 წლებში ფარადეიმ ჩაატარა კვლევები ელექტროქიმიაში და ელექტროლიზის კანონები, ე.წ. ფარადეის კანონები ჩამოაყალიბა. მან სამეცნიერო პრაქტიკაში შემოიტანა ტერმინები, რომლებიც დღესაც გამოიყენება – იონი, ანოდი, კათოდი, ელექტროლიტი და სხვა.
განუწყვეტელმა გონებრივმა დაძაბულობამ ფარადეის ჯანმრთელობა შეურყია და აიძულა, ხუთი წლით შეეწყვიტა სამეცნიერო მუშაობა. 1848 წელს, როდესაც იგი კვლავ დაუბრუნდა კვლევებს, აღმოაჩინა ე.წ. ფარადეის ეფექტი. ეს იყო პირველი მინიშნება ოპტიკასა და ელექტრომაგნიტიზმს შორის არსებულ კავშირზე. თავისი აღმოჩენით აღელვებული ფარადეი წერდა, რომ მან დაამაგნიტა სინათლე და გაანათა მაგნიტური ველი.
70 წლის ასაკში მეცნიერს მეხსიერება დაუქვეითდა. 1862 წლის 12 მარტს ფარადეიმ ლაბორატორიულ ჟურნალში თავისი ბოლო, რიგით 16041-ე ცდა აღწერა. სიცოცხლის უკანასკნელი 5 წელი მან თავის მამულში – ჰემპტონ კორტში გაატარა, სადაც 1867 წელს გარდაიცვალა.
ფარადეი არასოდეს მიისწრაფოდა სიმდიდრისა და პატივისაკენ, თუმცა თავისი დამსახურებებისთვის იგი სამოცდაათზე მეტი სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული. მისი შრომები ფიზიკაში ახალი ეპოქის დასაწყისად იქცა, თუმცა ფარადეის საკუთარი გამოგონებანი არასოდეს დაუპატენტებია. მეცნიერს არაერთხელ უთქვამს უარი ხელსაყრელ თანამდებობაზე, რომელიც არნახულ შემოსავლებს უქადდა. მან უარი განაცხადა თავადაზნაურის ტიტულზეც, რომელსაც სთავაზობდნენ და განაცხადა: “დიდი მადლობა, მაგრამ მე მინდა, უბრალოდ ვიწოდებოდე – მაიკლ ფარადეი!”

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: